17.9.09

რელიგიის სწავლება სკოლაში


ეს პოსტი არის ერთგვარი კომენტარი ტომუშკას ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტისთვის შენი არგუმენტირებული პოზიცია!, სადაც გაიმართა ფრიად საინტერესო დისკუსია საკითხზე, უნდა იყოს თუ არა მოწყობილი საჯარო სკოლების საკლასო ოთახებში ხატების კუთხეები.
არსებობს განათლების მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც გაწერილია სასწავლო საგნები, მათი სწავლების მეთოდიკა, სკოლის ძირითადი ამოცანები და ა.შ.
მე-7 კლასის საზოგადოებრივი მეცნიერებების პროგრამით, კულტურისა და რელიგიის მიმართულებაში გათვალისწინებულია შემდეგი:
[ისტ. გეო. VII. 12.] მოსწავლე აანალიზებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს რელიგიას საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
  • არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ (სახელმძღვანელოში მოცემული და მოძიებული) მასალაზე დაკვირვების საფუძველზე საუბრობს საზოგადოების რელიგიურ წარმოდგენებზე;
  • ჯგუფური მუშაობისას რომელიმე ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ როგორც წარსულში, ასევე დღეს;
  • კლასში დისკუსიის დროს მსჯელობს, თუ რა გავლენას ახდენდა რელიგია ოჯახურ ყოფაზე ადრე და რა გავლენას ახდენს იგი დღეს;
  • რუკაზე უჩვენებს მისთვის ცნობილი რელიგიების წარმოშობის ადგილებს, გავრცელების დღევანდელ არეალებს და ჩამოთვლის მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკულტო ძეგლებს, სიმბოლოებსა თუ ტრადიციებს;
  • რომელიმე ქვეყნის რელიგიისა და კულტურის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს;
  • თანაკლასელებთან ერთად მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალის (სახელმძღვანელო, ლიტერატურა, ფილმები, ილუსტრაციები, საკუთარი სამგზავრო ჩანაწერები, ინტერვიუები და სხვა) საფუძველზე საუბრობს საქართველოში მცხოვრები ეროვნებების საოჯახო თუ რელიგიური დღესასწაულების შესახებ და ავლებს მათ შორის პარალელებს;
  • იყენებს სტატისტიკურ ინფორმაციას და ადგენს საქართველოს მოსახლეობის ძირითადი რელიგიების ამსახველ რუკას; მსჯელობს საქართველოში რელიგიის გეოგრაფიის განმსაზღვრელ ისტორიულ ფაქტორებზე.

როგორც გამომცემელი (ვარ გამომცემლობა „ლოგოს პრესის“ დამფუძნებელი) გთავაზობთ გაეცნოთ ჩვენი მე-7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს შესაბამის თავს (სახელმძღვანელოს გადამუშავებული და ხელახლა გრიფირებული ვარიანტი წელს სექტემბერში შევიდა საქართველოს სკოლების ნაწილში, მათ შორის რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე). თავის სათაურია „რელიგია“ და იგი დაწერა ერთ-ერთმა ჩვენმა ავტორმა, თსუ ფოლკლორისტიკის კათედრის გამგემ, ახალი აღთქმის თანამედროვე ქართულ ენაზე მთარგმნელმა და, ზოგადად, შესანიშნავმა მეცნიერმა და მოაზროვნემ, პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ. ტექსტის დახვეწაზე – სკოლის მოსწავლის დონესთან დაახლოებასა და ასევე სავარჯიშების შედგენაზე ზოგიერთ სხვა ავტორთან ერთად თქვენი მონა-მორჩილიც მუშაობდა.

Discover Simple, Private Sharing at Drop.io



ქვემოთ მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ პირდაპირ ეკრანზე წაიკითხოთ ან ჩამოტვირთოთ PDF ფაილი (გთხოვთ მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის გამოიყენოთ – კოპირაიტით დაცული მასალაა):

http://drop.io/religia7klasisistorialogospress/asset/religia-tavi-logos-presis-me-7-klasis-istoriis-saxelmzgvanelodan-pdf

ვიმედოვნებ, რომ ამ მასალას თქვენთვისაც საინტერესოდ და სასარგებლოდ ჩათვლით და მასზე დაყრდნობით ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ იმაზე, თუ როგორ უყურებს დღეს სახელმწიფო რელიგიის სწავლებას სკოლაში და როგორი შეთავაზება გავუკეთეთ სასწავლო მასალის სახით პედაგოგებსა და მშობლებს გამომცემლობამ და ავტორებმა. მოკლედ რომ აგიხსნათ სახელმძღვანელოების შექმნისა და გრიფირების მექანიზმი, სახელმწიფო აცხადებს ტენდერს და გამომცემლობებს განხილვისა და გრიფირებისთვის შეაქვთ სახელმძღვანელოები; პედაგოგს დღეს შეუძლია არჩევანი გააკეთოს რამდენიმე ალტერნატიული სახელმძღვანელოდან.

ამ პოსტის მარჯვენა მხარეს, ბლოგის ზედა ნაწილში მოთავსებული მაქვს პატარა გამოკითხვა, რომელსაც ვადა მალე გასდის. თუ არ დაიზარებთ, ტომუშკას და სხვა რამდენიმე ადამიანის მაგალითს მიმართეთ და თქვენც გამოხატეთ აზრი კიდევ ერთ საჭირბოროტო საკითხზე: „თქვენი აზრით, სად უნდა იღებდნენ მოზარდები სექსუალურ განათლებას?“ (შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე პასუხი მონიშნოთ!) წინასწარ გმადლობთ :)

12.9.09

ორგაზმის იმიტატორი (ტომუშკას სახალისო პოსტი საინტერესო კომენტარებით)



ასევე, ამ თემასთან კავშირში ჩემი ბლოგის მარჯვენა სვეტში გაეცანით გამოკითხვის შედეგებს თემაზე "თქვენი აზრით, სად უნდა იღებდნენ მოზარდები სექსუალურ განათლებას?"

5.9.09

თავისუფლების სამყაროში

მე ვმოგზაურობ თავისუფლების უსამანო სამყაროში,
როცა ქუჩების თვალებში ბნელა, როცა მწეწავენ
უნდობლობის ხშირი ქარები, – როცა ვინდომებ.

მე შემიძლია გადავლახო დროცა და სივრცეც,
გავხდე ამაყი, უშიშარი ტორეადორი,
მე ძალა შემწევს... – თუ მოვინდომე.

უნდა ვიპოვო თანამოაზრე ქუჩის გადაღმა,
აღმოვაჩინო უსამანო სულის პატრონნი,
დავრჩე მართალი მართალთა თვალში, – მე მოვინდომებ.

საზოგადოებრივი ძალადობა და პიროვნული ბედნიერება



ადამიანი არ შექმნილა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ იდეურ კონსტრუქციაში საარსებოდ. ბედის ირონიით, მას წინაპარ-წინამორბედთა მიერ შექმნილ და საზოგადოებრივი ერთობის მხრიდან თავსმოხვეულ "ჭეშმარიტ" კონსტრუქციებთან, ანუ კულტურულ სტერეოტიპებთან, მორგება/ბრძოლა უხდება ადრეული ბავშობის ასაკიდან. რაც უფრო მძლავრად ჩაითრევს დადგენილი ცხოვრების წესი კონკრეტულ ინდივიდს, მით ნაკლებ მოსალოდნელია ამ ინდივიდისგან ნოვაცია; პირიქით, ასეთი ინდივიდისგან წინაპართა ტრადიციების გააფთრებულ დაცვას უნდა ველოდეთ ან ქამელეონივით ახალ გარემოსთან მორგებას. დადგენილ კონსტრუქციაში არსებობის სურვილი საკუთარ პიროვნულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აცილების საშუალებას იძლევა და, ამდენად, მორალური არჩევანის თავისუფლებისგან გაქცევით ფსიქოლოგიური კომფორტის იმიტაციას ქმნის.

ის აზრები, თავს რომ გვახვევენ ხოლმე – რომელთაც საზოგადოების შეხედულებებს ვუწოდებთ, ან სასულიერო ავტორიტეტების ანდა მამა-პაპათა წესად მოვიხსენიებთ – სხვათა ძალადობის, მათი მხრიდან ჩვენი ფლობის და, რაც იგივეა – ჩვენზე ბატონობის სურვილის გამოხატულებაა. ამ სურვილს კი საფუძვლად უდევს მოჩვენებითი თვითდამკვიდრებისა და  ბედნიერების (ნამდვილი ბედნიერების სუროგატის) მოპოვების უიღბლო მცდელობა – იდეური და ფსიქოლოგიური ძალადობის ეს ფორმა ხშირად მორჩილი უმრავლესობის კოლექტიური ცნობიერის დონეზეა გაზიარებული და უაზრო ერთგულებისა და თავგანწირვის ნიშნით აღბეჭდილი.

ამ ძალადობისთვის თავის დაღწევა სულაც არ ნიშნავს რაიმე ახალ განზომილებაში გადასვლას ან საკუთარი თავის ღალატს, – როგორც ეს შეიძლება თავდაჯერებას მოკლებულ და კარჩაკეტილ ადამიანს მოეჩვენოს, არამედ პირიქით – გულისხმობს საკუთარ თავთან, როგორც ადამიანური ბედნიერების ქვაკუთხედთან და პირველსაწყისთან დაბრუნებას... ამ მოძალადე აზრთა საპირისპიროდ, ბედნიერების ერთი საიდუმლო, როგორც ჟორჟ ბერნანოსს უთქვამს, “სხვის სიხარულში საკუთარი სიხარულის განცდის უნარია”, – დამოუკიდებლად იმისგან, რას ფიქრობენ ამის შესახებ არამკითხე სხვები.

თვითირონია

 
ცხოვრება უთუოდ უფრო სასიამოვნო გახდება და ბევრ სისულელესაც ავიცილებთ თავიდან, თუ პერიოდულად ირონიით შევხედავთ საკუთარ ამბიციებს, აღმოვაჩენთ საკუთარი თავის გადაჭარბებულ რწმენას, კრიტიკულად გავაანალიზებთ ცნებათა და მოვლენათა ჩვენეულ კატეგორიულ და სტერეოტიპულ შეფასებას... არ ღირს სოკრატეს რეფლექსიის დავიწყება: “მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი”.
 

სიყვარულის ფაქტურა

მაიას

შენს ფეხისგულს ჩემი ფეხისგულით ველამუნები,
მეგობრული ხმით ვარსკვლავებზე გებუტბუტები,
ვიცი, რომ ხვალაც გულწრფელ ღიმილს შემომაგებებ – უკვე მეასიათასედ,
და მაინც ახალბედასავით ვღელავ ყოველი შეხებისას –
სიყვარულის შიშველ ნერვებს მაღალი ძაბვის სადენებივით გაუდით ჟრჟოლა.
ხშირი სუნთქვა მუდმივ მეგზურად მექცა,
აღმასვლისას აღარ მახსოვს ქვემეხთა გრგვინვა,
არც პოლიტიკოსთა ნაცოდვილარი ტელეექშენი მიმღვრევს გუნებას;
მწვერვალიდან წყვილად დაშვება კი ისევე საამურია,
როგორც პირველყოფილი მონადირის შინდაბრუნება ბავშვიან ქალთან, ნადავლით მხრებზე.
ყოველდღიურ წრებრუნვაში ხელახლა ჩართვა მემსუბუქება –
სიყვარული კომფორტული და მოხდენილი სამოსივით მეფერება და ძალას მმატებს.

დიანას თვალებით

ხანდახან, როცა ნადირობს დიანა,
სამყაროს ვუყურებ ქალწულის თვალებით –
ნახევრულ გრძნობებით, ნახევრულ განცდებით,
გულწრფელი პათოსით და გულის ალებით.

მომწონს ბუნების ნაზი ოინი –
თავდაჯერების დემონსტრირება,
როცა ჯერ მხოლოდ თვლემს შენში ქალი,
გულში კი ეჭვთა ხროვა ირევა.

ხანდახან, როცა ნადირობს დიანა,
სამყაროს ფერები იცვლება მთლიანად...
Related Posts with Thumbnails