27.10.09

შეყვარებული სამურაი ხარაკირის უფლების გარეშე

(ერთი იაპონური ლეგენდის მოტივებზე)

ჩემი გული გრძობით სავსეა.
ისინი – ოცნებები, ზმანებები,
ფიქრთა მძივებად ასხმული მარგალიტები –
არსად გამქრალან.
უკვე მერამდენედ გადავუჭირე
გონივრულობის მათრახი,
წესრიგის გულგრილ მოყვარულთა მიერ
შვების წამლად გამოწერილი, –
და გვერდებამწვარნი კუთხე-კუნჭულებში მიიმალნენ.
თრთიან რაღაც ხანს, მაგრამ როგორც კი
მკაცრ ხელსა და მზერას მოვაკლებ,
თავს წამოყოფენ.
მაშინ კი ისევ ამეშლება შენზე ფიქრები...
მაპატიე, რომ ვერ გივიწყებ –
საპყრობილეში ჩაგდებულ სასოწარკვეთილ სამურაის
არც თავისუფლებას მიქადის ვინმე
და არც რამ იარაღი დამიტოვეს,
ხარაკირი რომ გავიკეთო.

24.10.09

ორი ყლუპი თავისუფლება

საუბარში ერთხელ ახსენე „ორი ყლუპი თავისუფლება“.
მაშინვე მივხვდი: იმ ფოტოზე, სადაც უკვე გაზრდილი ჩანხარ,
სად დაგთამაშებს ქალური სიბრძნის უხილავი ათინათები და
თვალიც გიღიმის, – რაღაც გაკლია: გულს გაკლია უსამანობა.

4.10.09

წარმოიშვა თუ არა ადამიანი მაიმუნისგან და რატომ დაიწყო ორ ფეხზე სიარული?




(Ardipithecus Ramidus-ის უახლესი აღმოჩენისა და მისი მნიშვნელობის შესახებ)

უნდა გავაწბილო ისინი, ვინც სწრაფად ირწმუნა (ხმა მომენტალურად დაირხა!), თითქოს, ამერიკელების უახლესი აღმოჩენის თანახმად, ადამიანი მაიმუნისგან არ წარმოშობილა.

Ardipithecus Ramidus – ასე უწოდეს პრიმატების სახეობას, რომელიც 4.4 მლნ წლის წინ ცხოვრობდა. ეს არის ერთ-ერთი რგოლი თანამედროვე ადამიანის, ჰომო საპიენსის ჩამოყალიბების გზაზე.

სინამდვილეში, შიმპანზეებზე დაკვირვება და ამ დაკვირვებების შედეგად ადამიანის ჩამოყალიბებაზე დასკვნების გამოტანა არის დღეს მიჩნეული არასწორად, თორემ ის, რომ ადამიანსა და მაიმუნებს საერთო წინაპარი ძველი პრიმატი სახეობები ჰყავდათ, დღესაც უდავოა მეცნიერთათვის.

არდი (ასე შეარქვეს იმ მდედრს, რომლის ჩონჩხმაც საოცრად კარგ მდგომარეობაში მოაღწია ჩვენამდე) მას შემდეგ ცხოვრობდა, რაც ადამიანისა და შიმპანზე/ბონობოს გზები გაიყარა (ეს 6-7 მლნ წლის წინ მოხდა). ამდენად, ის „ადამიანური ხაზის“ ერთი საინტერესო წარმომადგენელია. არდის ჩონჩხი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახულია ადამიანის წინაპართა ჩონჩხებს შორის (თორემ უფრო ძველების ნაშთებიცაა აღმოჩენილი და არდი აღმოჩენილთა შორის „უძველესი“ როდია) და მკვლევართ მრავალი ახალი და საინტერესო დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს. კერძოდ, მაგალითად:

არდი ორ ფეხზეც დადიოდა და ხეებზეც „ფრთხილად“ დაძვრებოდა (არა იმგვარად,  როგორც თანამედროვე მაიმუნები). საამისოც მას ფეხზე განზე გაწეული დიდი თითი ეხმარებოდა. რითია ეს ფაქტი მნიშვნელოვანი?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადრინდელი შეხედულება, თითქოს ადამიანის წინაპარი ორ ფეხზე გაშლილ მინდვრებში „გამოსვლასთან“ დაკავშირებით დადგა, არდის აღმოჩენის შემდეგ მცდარად იქნა მიჩნეული. საქმე ისაა, რომ როგორც უტყუარად დადგინდა, არდი ტყეში ცხოვრობდა.

ორ ფეხზე სიარულის დაწყებასთან დაკავშირებით, ამჟამად აქტუალურია მეორე თეორია, რომელსაც პირობითად ჰქვია „სექსი საკვების სანაცვლოდ“. მისი არსი შემდეგშია:

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არდის საგრძნობლად დაპატარავებული ეშვები აქვს, განსხვავებით ყველა მაიმუნისგან (საერთოდ, ეშვები მამრებს უფრო დიდი აქვთ ხოლმე).

ეშვების სიდიდე მეცნიერთათვის მამრთა აგრესიულობის ნიშანია. ეშვები ის ბუნებრივი იარაღია, რომელიც მამრს მდედრის მოსაპოვებლად გამართულ ორთაბრძოლებში სჭირდება. არდის ეშვების სიპატარავე უკვე მის „გაადამიანურებაზე“ მიუთითებს. აგრესიის გზით მდედრის მოპოვების სქემა შეცვალა მდედრისა და მისი ნაშიერისთვის საკვების შეთავაზების სქემამ.

როგორღა მიართმევდა სექსუალური ლოიალობის მაძიებელი მამარი მდედრს ტყეში მოგროვილ საკვებს, თუკი ხელები თავისუფალი არ ექნებოდა ამ საკვების მოსატანად? ჰოდა, თეორიის არსიც ესაა: არდიპითეკუს რამიდუსის მამრებს ორ ფეხზე სიარული თითქოს მდედრისთვის საკვების მისატანად დასჭირდათ.

წყარო: http://news.nationalgeographic.com/news/2009/10/091001-ardipithecus-ramidus-ardi-oldest-human-skeleton-fossils.html
Related Posts with Thumbnails