17.9.09

რელიგიის სწავლება სკოლაში


ეს პოსტი არის ერთგვარი კომენტარი ტომუშკას ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტისთვის შენი არგუმენტირებული პოზიცია!, სადაც გაიმართა ფრიად საინტერესო დისკუსია საკითხზე, უნდა იყოს თუ არა მოწყობილი საჯარო სკოლების საკლასო ოთახებში ხატების კუთხეები.
არსებობს განათლების მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც გაწერილია სასწავლო საგნები, მათი სწავლების მეთოდიკა, სკოლის ძირითადი ამოცანები და ა.შ.
მე-7 კლასის საზოგადოებრივი მეცნიერებების პროგრამით, კულტურისა და რელიგიის მიმართულებაში გათვალისწინებულია შემდეგი:
[ისტ. გეო. VII. 12.] მოსწავლე აანალიზებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს რელიგიას საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
  • არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ (სახელმძღვანელოში მოცემული და მოძიებული) მასალაზე დაკვირვების საფუძველზე საუბრობს საზოგადოების რელიგიურ წარმოდგენებზე;
  • ჯგუფური მუშაობისას რომელიმე ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ როგორც წარსულში, ასევე დღეს;
  • კლასში დისკუსიის დროს მსჯელობს, თუ რა გავლენას ახდენდა რელიგია ოჯახურ ყოფაზე ადრე და რა გავლენას ახდენს იგი დღეს;
  • რუკაზე უჩვენებს მისთვის ცნობილი რელიგიების წარმოშობის ადგილებს, გავრცელების დღევანდელ არეალებს და ჩამოთვლის მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკულტო ძეგლებს, სიმბოლოებსა თუ ტრადიციებს;
  • რომელიმე ქვეყნის რელიგიისა და კულტურის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს;
  • თანაკლასელებთან ერთად მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალის (სახელმძღვანელო, ლიტერატურა, ფილმები, ილუსტრაციები, საკუთარი სამგზავრო ჩანაწერები, ინტერვიუები და სხვა) საფუძველზე საუბრობს საქართველოში მცხოვრები ეროვნებების საოჯახო თუ რელიგიური დღესასწაულების შესახებ და ავლებს მათ შორის პარალელებს;
  • იყენებს სტატისტიკურ ინფორმაციას და ადგენს საქართველოს მოსახლეობის ძირითადი რელიგიების ამსახველ რუკას; მსჯელობს საქართველოში რელიგიის გეოგრაფიის განმსაზღვრელ ისტორიულ ფაქტორებზე.

როგორც გამომცემელი (ვარ გამომცემლობა „ლოგოს პრესის“ დამფუძნებელი) გთავაზობთ გაეცნოთ ჩვენი მე-7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს შესაბამის თავს (სახელმძღვანელოს გადამუშავებული და ხელახლა გრიფირებული ვარიანტი წელს სექტემბერში შევიდა საქართველოს სკოლების ნაწილში, მათ შორის რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე). თავის სათაურია „რელიგია“ და იგი დაწერა ერთ-ერთმა ჩვენმა ავტორმა, თსუ ფოლკლორისტიკის კათედრის გამგემ, ახალი აღთქმის თანამედროვე ქართულ ენაზე მთარგმნელმა და, ზოგადად, შესანიშნავმა მეცნიერმა და მოაზროვნემ, პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ. ტექსტის დახვეწაზე – სკოლის მოსწავლის დონესთან დაახლოებასა და ასევე სავარჯიშების შედგენაზე ზოგიერთ სხვა ავტორთან ერთად თქვენი მონა-მორჩილიც მუშაობდა.

Discover Simple, Private Sharing at Drop.io



ქვემოთ მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ პირდაპირ ეკრანზე წაიკითხოთ ან ჩამოტვირთოთ PDF ფაილი (გთხოვთ მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის გამოიყენოთ – კოპირაიტით დაცული მასალაა):

http://drop.io/religia7klasisistorialogospress/asset/religia-tavi-logos-presis-me-7-klasis-istoriis-saxelmzgvanelodan-pdf

ვიმედოვნებ, რომ ამ მასალას თქვენთვისაც საინტერესოდ და სასარგებლოდ ჩათვლით და მასზე დაყრდნობით ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ იმაზე, თუ როგორ უყურებს დღეს სახელმწიფო რელიგიის სწავლებას სკოლაში და როგორი შეთავაზება გავუკეთეთ სასწავლო მასალის სახით პედაგოგებსა და მშობლებს გამომცემლობამ და ავტორებმა. მოკლედ რომ აგიხსნათ სახელმძღვანელოების შექმნისა და გრიფირების მექანიზმი, სახელმწიფო აცხადებს ტენდერს და გამომცემლობებს განხილვისა და გრიფირებისთვის შეაქვთ სახელმძღვანელოები; პედაგოგს დღეს შეუძლია არჩევანი გააკეთოს რამდენიმე ალტერნატიული სახელმძღვანელოდან.

ამ პოსტის მარჯვენა მხარეს, ბლოგის ზედა ნაწილში მოთავსებული მაქვს პატარა გამოკითხვა, რომელსაც ვადა მალე გასდის. თუ არ დაიზარებთ, ტომუშკას და სხვა რამდენიმე ადამიანის მაგალითს მიმართეთ და თქვენც გამოხატეთ აზრი კიდევ ერთ საჭირბოროტო საკითხზე: „თქვენი აზრით, სად უნდა იღებდნენ მოზარდები სექსუალურ განათლებას?“ (შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე პასუხი მონიშნოთ!) წინასწარ გმადლობთ :)

12.9.09

ორგაზმის იმიტატორი (ტომუშკას სახალისო პოსტი საინტერესო კომენტარებით)



ასევე, ამ თემასთან კავშირში ჩემი ბლოგის მარჯვენა სვეტში გაეცანით გამოკითხვის შედეგებს თემაზე "თქვენი აზრით, სად უნდა იღებდნენ მოზარდები სექსუალურ განათლებას?"

5.9.09

თავისუფლების სამყაროში

მე ვმოგზაურობ თავისუფლების უსამანო სამყაროში,
როცა ქუჩების თვალებში ბნელა, როცა მწეწავენ
უნდობლობის ხშირი ქარები, – როცა ვინდომებ.

მე შემიძლია გადავლახო დროცა და სივრცეც,
გავხდე ამაყი, უშიშარი ტორეადორი,
მე ძალა შემწევს... – თუ მოვინდომე.

უნდა ვიპოვო თანამოაზრე ქუჩის გადაღმა,
აღმოვაჩინო უსამანო სულის პატრონნი,
დავრჩე მართალი მართალთა თვალში, – მე მოვინდომებ.

საზოგადოებრივი ძალადობა და პიროვნული ბედნიერება



ადამიანი არ შექმნილა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ იდეურ კონსტრუქციაში საარსებოდ. ბედის ირონიით, მას წინაპარ-წინამორბედთა მიერ შექმნილ და საზოგადოებრივი ერთობის მხრიდან თავსმოხვეულ "ჭეშმარიტ" კონსტრუქციებთან, ანუ კულტურულ სტერეოტიპებთან, მორგება/ბრძოლა უხდება ადრეული ბავშობის ასაკიდან. რაც უფრო მძლავრად ჩაითრევს დადგენილი ცხოვრების წესი კონკრეტულ ინდივიდს, მით ნაკლებ მოსალოდნელია ამ ინდივიდისგან ნოვაცია; პირიქით, ასეთი ინდივიდისგან წინაპართა ტრადიციების გააფთრებულ დაცვას უნდა ველოდეთ ან ქამელეონივით ახალ გარემოსთან მორგებას. დადგენილ კონსტრუქციაში არსებობის სურვილი საკუთარ პიროვნულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აცილების საშუალებას იძლევა და, ამდენად, მორალური არჩევანის თავისუფლებისგან გაქცევით ფსიქოლოგიური კომფორტის იმიტაციას ქმნის.

ის აზრები, თავს რომ გვახვევენ ხოლმე – რომელთაც საზოგადოების შეხედულებებს ვუწოდებთ, ან სასულიერო ავტორიტეტების ანდა მამა-პაპათა წესად მოვიხსენიებთ – სხვათა ძალადობის, მათი მხრიდან ჩვენი ფლობის და, რაც იგივეა – ჩვენზე ბატონობის სურვილის გამოხატულებაა. ამ სურვილს კი საფუძვლად უდევს მოჩვენებითი თვითდამკვიდრებისა და  ბედნიერების (ნამდვილი ბედნიერების სუროგატის) მოპოვების უიღბლო მცდელობა – იდეური და ფსიქოლოგიური ძალადობის ეს ფორმა ხშირად მორჩილი უმრავლესობის კოლექტიური ცნობიერის დონეზეა გაზიარებული და უაზრო ერთგულებისა და თავგანწირვის ნიშნით აღბეჭდილი.

ამ ძალადობისთვის თავის დაღწევა სულაც არ ნიშნავს რაიმე ახალ განზომილებაში გადასვლას ან საკუთარი თავის ღალატს, – როგორც ეს შეიძლება თავდაჯერებას მოკლებულ და კარჩაკეტილ ადამიანს მოეჩვენოს, არამედ პირიქით – გულისხმობს საკუთარ თავთან, როგორც ადამიანური ბედნიერების ქვაკუთხედთან და პირველსაწყისთან დაბრუნებას... ამ მოძალადე აზრთა საპირისპიროდ, ბედნიერების ერთი საიდუმლო, როგორც ჟორჟ ბერნანოსს უთქვამს, “სხვის სიხარულში საკუთარი სიხარულის განცდის უნარია”, – დამოუკიდებლად იმისგან, რას ფიქრობენ ამის შესახებ არამკითხე სხვები.

თვითირონია

 
ცხოვრება უთუოდ უფრო სასიამოვნო გახდება და ბევრ სისულელესაც ავიცილებთ თავიდან, თუ პერიოდულად ირონიით შევხედავთ საკუთარ ამბიციებს, აღმოვაჩენთ საკუთარი თავის გადაჭარბებულ რწმენას, კრიტიკულად გავაანალიზებთ ცნებათა და მოვლენათა ჩვენეულ კატეგორიულ და სტერეოტიპულ შეფასებას... არ ღირს სოკრატეს რეფლექსიის დავიწყება: “მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი”.
 

სიყვარულის ფაქტურა

მაიას

შენს ფეხისგულს ჩემი ფეხისგულით ველამუნები,
მეგობრული ხმით ვარსკვლავებზე გებუტბუტები,
ვიცი, რომ ხვალაც გულწრფელ ღიმილს შემომაგებებ – უკვე მეასიათასედ,
და მაინც ახალბედასავით ვღელავ ყოველი შეხებისას –
სიყვარულის შიშველ ნერვებს მაღალი ძაბვის სადენებივით გაუდით ჟრჟოლა.
ხშირი სუნთქვა მუდმივ მეგზურად მექცა,
აღმასვლისას აღარ მახსოვს ქვემეხთა გრგვინვა,
არც პოლიტიკოსთა ნაცოდვილარი ტელეექშენი მიმღვრევს გუნებას;
მწვერვალიდან წყვილად დაშვება კი ისევე საამურია,
როგორც პირველყოფილი მონადირის შინდაბრუნება ბავშვიან ქალთან, ნადავლით მხრებზე.
ყოველდღიურ წრებრუნვაში ხელახლა ჩართვა მემსუბუქება –
სიყვარული კომფორტული და მოხდენილი სამოსივით მეფერება და ძალას მმატებს.

დიანას თვალებით

ხანდახან, როცა ნადირობს დიანა,
სამყაროს ვუყურებ ქალწულის თვალებით –
ნახევრულ გრძნობებით, ნახევრულ განცდებით,
გულწრფელი პათოსით და გულის ალებით.

მომწონს ბუნების ნაზი ოინი –
თავდაჯერების დემონსტრირება,
როცა ჯერ მხოლოდ თვლემს შენში ქალი,
გულში კი ეჭვთა ხროვა ირევა.

ხანდახან, როცა ნადირობს დიანა,
სამყაროს ფერები იცვლება მთლიანად...

მოგზაურობა იტალიაში


გზად შეთხზული ლექსპრომტი
(1999 წლის 4-19 ნოემბერი)

მუზავ, მიმღერე, იტალიკურო,1
თბილისს ჩავიდე უალიყუროდ!
კვადრანტატრეო 2 თანამგზავრინო,
ჩაო, სალამი, კალიმერინო!3

კვლავ ეტრუსკების მიწაზე გხედავთ
მე სეტრა-ბუსის გაბედულ მხედართ!

თუმც იტალია შემოვიარეთ
და გზად ვეწვიეთ აკროპოლისსაც,
ოლიმპიაში ლაღად ვიარეთ,
აწ - დელფოს ვნახავთ აპოლონისას,

მსურს გაგიახლოთ შთაბეჭდილება
და ამ ლექსს გიძღვნით როგორც დილემას.
რატომ დილემას? - შეიტყობთ ბოლოს,
როცა იგემებთ ამ ჩემს ლექს-ლოლოს.

მაშ, იტალიის მიწაზე ოდეს
ჩვენ ფეხი დავდგით პირველად ბარის4,
როს ვერ ვიპოვეთ ქურდების კვალი,
გარდა წმინდანის, მართალ რომ არის,5
პირველად მაშინ ვნახეთ მზაკვრობა
ამ საკვირაო ბერძენი ქალის.6

ნეაპოლელმა ქურდებმა7 ოდეს
მთლად გაგვიწბილეს ყველა იმედი,
როს სორენტოში ვეღარ მოგვაგნეს
და კამორამაც8 ვეღარ ივარგა,
ჩვენ იტალიის ზღაპრულობაში
და ჩვენს ჭკუაში დავრწმუნდით კარგად.9
რომი, ფირენცე10 და ვენეცია
დავლაშქრეთ, თითქმის ვით კეისარმა:
მივედით, ვნახეთ... ოღონდ დავმარცხდით11 -
ქუჩის ქალების12 წაგვლეკა ჯარმა.

ჯულიას მკერდში რომ ჩავეხუტეთ13
და შევეჩეხეთ გზაში კაპულეტს,
ვეღარ გავთვალეთ და პერუჯამდე
ყოფა ვუტირეთ ყველამ საფულეს.14

პერუჯას ვირქმევთ რაინდთ ჩაფხუტებს15
და ფანჯრებიდან ვკოცნით ამანტებს16,
ბარიში ფრთხილად! ჩანთებს ვიხუტებთ!
მერე ზღვა ისევ გზნებით აგვანთებს.

კვლავ საბერძნეთი, მისანთა სახლი...
და დავინახავთ აპოლონს ცხადად.17
აი, დილემაც: ხომ არ განვაგრძოთ? -
ვეწვიოთ პარიზს, მადრიდს ან ბაღდადს.

ამ შეკითხვაზე პითია გაგვცემს
ჩვენ ორაზროვან პასუხს აშკარად18
და ბატონ რისმაგს პასუხს ათენში
ჩვენ ღვინოდ ვუქცევთ მაჭრიდან შარად.19

მე სიმოკლისთვის მოგიხდით ბოდიშს,
ექსპრომტს არ ჰყოფნის გზა მთიდან ბარში,
მე, ლაშარინო, სიყვარულს გითვლით
და ხელთ გიტოვებთ ცულსა და არშინს.

თავს ნუღარ მომჭრით თბილისში ოღონდ,
მელექსეობას ნუღარ დამწამებთ,
სჯობს, აქვე მომჭრათ ცოდვილი თავი,
ან საკვირაო ქალით მაწამეთ!

თუმც ზლაზნვით კუობს ჩვენი იორღა20
და გაგვიწვრილა გული წუწუნით,
მაინც ვუმადლოთ, რომ უგზო-უკვლოდ
არ გადაგვჩეხა სადმე უკუნეთს.

ჩაო, ნახვამდის, ჰაი, ადიო,
ზეცა გვფარავდეს, ღმერთი ვადიდოთ!

1
ანტიკური ეპოსიდან მოყოლებული, ტრადიციულად ქცეული მიმართვაა პოეტისა მფარველი ღვთაების მიმართ.
2 “კვადრანტატრე” - იტალიურად ორმაოცადამს ნიშნავს - ასეთი იყო ექსპედიციის მონაწილეთა რიცხვი.
3 კალიმერინო - ავტორის მიერ გამოგონილო მოფერებითი ფორმაა ბერძნულად მისალმების აღმნიშვნელი სიტყვისა “კალიმერა”. საერთოდ, ავტორი ამ ლექსპრომტში, ცოტა არ იყოს, იტალიურად უქცევს.
4 ბარი - იტალიის საპორტო ქალაქი, სადაც პირველად შევდგით ფეხი იტალიის მიწაზე.
5 ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო წმინდანის - წმინდა ნიკოლოზის - ნეშტი თავის დროზე იტალიელმა პირატებმა თურქეთში მოიპარეს და ბარიში ჩამოასვენეს.
6 საკვირაო ბერძენი ქალი - იგულისხმება ჩვენი ბერძენი გიდი იტალიაში, სახელად კირიაკი, რაც ბერძნულად კვირას (შვიდდღეულს) ნიშნავს. იტალიაში ჩასვლამდე კირიაკი ხშირად გვესაუბრებოდა იტალიელ ქურდებზე და სიფხიზლისკენ მოგვიწოდებდა, რამაც, ბოლოს და  ბოლოს, კომიკური ელფერი შეიძინა და მოგზაურობის მონაწილეთა მხრიდან მრავალი ზეპირი კალამბურის შეთხზვა გამოიწვია.
7 ნეაპოლი  და, საერთოდ, იტალიის სამხრეთი, “განთქმულია” თავისი ქურდებით.
8 კამორა - მაფიის სახელწოდება იტალიურად.
9 ...ჩვენს ჭკუაში... - იგულისხმება ბ-ნ რისმაგ გორდეზიანის ბრძნული გადაწყვეტილება, ღამე არ გაგვეთია ნეაპოლში, რომლის ქუჩებში ღამე სიარული არცთუ უსაფრთხო საქმედ ითვლება, და ამისათვის წავსულიყავით ახლომდებარე ქალაქ სორენტოს ლამაზი ზღვისპირა შემოგარენის - Piano di Sorrento-ს სასტუმროში.
10 ფირენცე - ქ. ფლორენციის სახელწოდებაა იტალიურად.
11 მივედით, ვნახეთ... - აქ რემინისცენციაა იულიუს კეისრის ცნობილ ფრთიან გამონათქვამთან Veni, vidi, vici - მივედი, ვნახე, გავიმარჯვე.
12 ქუჩის ქალები - ექსპედიციის მონაწილე ქართველ მანდილოსანთა აქტიური ნაწილი ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების მიზნით აქტიურად ლაშქრავდა იტალიის ქალაქების ქუჩებს, მათ შორის ღამის საათებშიც, რის გამოც ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ბ-ნმა რისმაგ გორდეზიანმა მათ ხუმრობით “ქუჩის ქალები” შეარქვა - როგორც ჩანს, მოქკავშირის პოპულარულ წინასაარჩენო ვიდეოკლიპ “გიხაროდენ”-ში მრავალჯერ გაჟღერებული “ქუჩის ბიჭების” ნაყოფიერი რეციპირების შედეგად.
13 “ჯულიას მკერდი” - ქ. ვერონაში, ლეგენდარული ჯულიეტას სახლის წინ, დგას ჯულიეტას თანამედროვე ბრინჯაოს ქანდაკება. აქ მოსულ ტურისტებს წესადა აქვთ, ხელით მოეფერონ ჯულიეტას მარჯვენა მკერდს, ვითარცა თილისმას (ზოგი ნატვრასაც ჩაიფიქრებს ხოლმე), რის გამოც მთელი ქანდაკება მომწვანო-შაბიამნისფერია, ხოლო მარჯვენა მკერდი და მიმდებარე არე სპილენძისფრად ლაპლაპებს.
14 ყოფა ვუტირეთ ყველამ საფულეს - იტალიურ სიძვირეს ექსპედიციის ყველა მონაწილის საფულემ როდი გაუძლო ბოლომდე.
15 პერუჯა ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული შუასაუკუნეების ქალაქი იყო ჩვენს მარშრუტზე, რომელშიც საოცრად იგრძნობა რაინდთა ხანისათვის დამახასიათებელი კოლორიტი: თლილი ქვით ნაგები მასიური კედლები და შენობები ვიწრო ქუჩაბანდებითა და კიბეებიანი აღმართ-დაღმართებით.
16 ამანტა შეყვარებულს, სატრფოს ნიშნავს იტალიურად. პერუჯის ქუჩების სივიწროვესთან დაკავშირებით ადგილობრივები ხუმრობენ, შეყვარებულს რომ აკოცო, ამისათვის დაბლა ჩასვლა საჭირო არ არისო.
17 როგორც აღინიშნა, უკანა გზაზე დელფოში უნდა შეგვევლო. ბ-ნი რისმაგი ექსპედიციის რამდენიმე წევრთან ერთად დელფოს ნაცვლად პირდაპირ ათენს უნდა გამგზავრებულიყო.
18 როგორც წესი, აპოლონის ქურუმი ქალი, პითია, ბუნდოვან, ორაზროვან პასუხებს იძლეოდა ხოლმე. ჩვენი ვარაუდით, ეს ტრადიცია არც ჩვენს მიმართ დაირღვეოდა.
19 ეს ლექსი მაშინ დაიწერა, როცა ჯერ კიდევ შეტყობილი არ გვქონდა “თავზარდამცემი” ამბავი: დელფოში ჩასვლას ვერ ვასწრებდით, რადგან არქეოლოგიური კომპლექსი ადრე იხურებოდა. ამდენად, პითიას მისნობის შეტყობა ვერ მოვახერხეთ და გზა ათენისკენ ერთად განვაგრძეთ.
20 თუმც ზლაზნვით... - სტრიქონი ეძღვნება ჩვენი ავტობუსის მძღოლს, ღიორღოსს, რომლის სახელი აქ შეფარვითაა ნახსენები. ლაპარაკია მის გადაჭარბებულ სიფრთხილეზე და ნელა სვლის მანერაზე, რომელიც ჯგუფის წევრ "ტემპერამენტიან ქართველთა" გაღიზიანებას იწვევდა ხშირად.

ჩვენი ლუარსაბი


საბავშვო ლექსებიდან

ლუარსაბს ვუხმობთ სახელად
ჩვენს უწესრიგო ფისოს:
ჩვენ როცა გვძინავს, მას ღვიძავს
და ხშირად ძილსაც გვიფრთხობს.
ერთხელაც მოხდა: განჯინა
ააყირავა სულმთლად –
ვალერიანის წვეთებით
იმშვენებს ლოთი სუფრას.
რამდენჯერ უთხრა აიამ:
“მოიქეც, ბიჭო, კარგად,
თორემ ლოთობის გულისთვის
ერთხელ თბილი წყლით დაგბან!”
მაინც არ ისმენს, ხან რას და
ხან რას მოიბანდიტებს,
ხან ყველის ნაჭერს დაგვცინცლავს,
ხან უსაფრდება ჩიტებს.
რას იზამ, რაღას გააწყობ,
“კატამ იკატოს უნდა”, –
ასე შევთანხმდით სუყველა –
მთელი ოჯახი ვდუმვართ;
ვუთმენთ ყველაფერს, რადგანაც
თამაშიც კარგი იცის,
თანაც თავს ისე გვაყვარებს,
გაწყრომა ცოტა გვიჭირს...
შემოვა დილაადრიან,
გაზმორებას არ გვაცლის,
მშიაო, პური მაჭამეთ
ნაომარსა და დაჭრილს.
“ისევ იჩხუბე, ბანდიტო?” –
წყრომით დასჭყივლებს აია, –
“ახლა ხომ მარტი არ არის,
ჯერ მხოლოდ იანვარია.
სიყვარულისთვის ადრეა,
ცივა, ყინავს და ქარია,
მაშ, ღამღამობით, მითხარი,
რად ღნავით ასე ძალიან?”
დავაპურებთ და “წყალიო”,
სხვაგვარად კნავის ამჯერად,
ან სულაც ჩუმად დაჯდება,
ხან კარს შეხედავს, ხან – ჩვენა.
თავის ჯამიდან რომ დალევს,
ისევ შემოვა ოთახში,
ღუმელთან მოიკალათებს –
კატებს ასე აქვთ მოდაში.
ცოტას რომ წასთვლემს, უფრო ღრმა
ძილისთვის მოემზადება:
ჯერ პირს დაიბანს, მერე კი
მიდის საწოლის საძებრად.
ყველაზე მეტად დივანზე
ლამობს გაჭიმვას ნებაზე,
მაგრამ ამოსვლას ვერ ბედავს,
იცის – მოხვდება კეფაზე.
ხშირად რბილ სკამზე იძინებს,
თუმცა არ ჰყოფნის ადგილი:
საწყალს ხან ყურზე ედება
სკამის საზურგის ჯოხები,
ხანაც ნათურა აჭყიტებს
და გულს უწყალებს ოხერი.
მაგრამ ვაითუ ჩანგალმა
გაიწკარუნოს ოთახში,
ან თეფშმა გაიჩხრიალოს
ან დანამ იწყოს ხერხვა,
თქვენ მაშინ ნახეთ, ლუარსაბს
ვით ძალუძს ქცევა ვეფხვად...

1999
 

ბლის კუნწულა ლაჟვარდის ფონზე

 
ბლის კუნწულა ხარ, კენწეროში მოღაჟღაჟე,
კიბითაც რომ ვეღარ შეწვდები.

და თუ ვერ შეგწვდი, მერე რა მოხდა –
ჩემს დაღლილ მზერას ფოკუსს შევუცვლი
და მეტრფის გზნებით
ლაჟვარდს დავიპყრობ.

* * * (აღარც კი ვიცი, რას მივაწერო...)

 
აღარც კი ვიცი, რას მივაწერო
სევდიანი ჩემი ღიმილი...
იქნებ ალუბლებს, შენს მოლოდინში
რომ მწიფობენ ჩემი ფანჯრის წინ?

სასიყვარულო სტატისტიკა

 
როცა საკუთარი თავის სიყვარული მოგეძალება,
თავდავიწყებით რომ შეხედავ საკუთარ ფოტოს –
ლამაზ კულულზე სიყვარულით თვალს შეაჩერებ,
ღაწვის სიმწყაზრე მოგხიბლავს თუ ღიმილის ბროლი,
ან თუკი ტაძარს სხეულისას დაუდგები რესტავრატორად...
შეგხვდება ერთხელ ცხოვრების გზაზე, ვისაც დაეძებ:
შემფასებელი უებრო და ხოტბის შემსხმელი,
ოღონდ ეგაა, აღმოაჩენ – ამის დროც მოვა –
მას კი არა, შენ გიყვარდა ნატიფი ხატი,
მას კი – სტატისტს – სტატისტი უყვარს.
 

დაგდგომია სიმწიფის ხანა

 
ვეღარ თამაშობ გამოცდილ ქალს ბავშვური სახით –
ჩანს, დაგდგომია სიმწიფის ხანა....
ქალწულებრივი შენი მზერა ვერ იტევს სიბრძნეს,
ცხოვრების ჯარამ უცაბედად რომ შემოგჯარა.
ლაღად იყავი.... ნუ დაეძებ ტევრებში ფრთოსნებს,
მშვენიერ ჰანგებს შენს ალალ გულშიც უხვად იპოვი.
 

წადი იქ, სადაც შაშვები ხმობენ

  
ნუ წახვალ იქ, სადაც გხედავენ მხოლოდ ლამაზ თოჯინად,
სადაც გართობით იქარვებენ უფერულ დღეებს...
იქ წადი, სადაც შენი მშვენება
სულის ოქროთი დაფერილი მოეჩვენებათ,
სადაც შაშვების გადაძახილს განძივით ფლობენ.
 

* (დღევანდელი სათქმელი დღესვე ამოწურე...)

 
დღევანდელი სათქმელი დღესვე ამოწურე,
ხვალინდელი თავისით მოვა...
 

* (ამ მშვენიერი წამით დატკბი...)

 
ამ მშვენიერი წამით დატკბი
და სამუდამო საგზლად გაგყვება...
 

ახალი გალაქტიკა


რასაცა გასცემ, შენია, რას არა – დაკარგულია.
რუსთაველი


თუკი ოდესმე გირჩევს ვინმე –
გულს ნუ გასცემ უშურველადო...
და თუკი ოდნავ მაინც გეეჭვება რუსთველის სიბრძნე, –
გზაგასაყართან დგახარ, იცოდე:
ან იფეთქებ და ახალ გალაქტიკად დაიღვრები,
განწმენდილი და ხელახლა დაბადებული,
ან დაინთქმები მეშჩანობის მღვრიე ჭაობში –
უფრთო ფრინველად დაცემული დამზრალ მიწაზე.
ყოველი დღე და ყოველი წამი სავსეა გზნებით –
ან აღმაფრენის, ანდა დაცემის.
ფართოდ გახელილი თვალებით შეხედე ზეცას –
მირიად ვარსკვლავს შენთან თამაში უნდა...
 

* * * (შენ უბრუნდები საკუთარ ზეცას...)

  
შენ უბრუნდები საკუთარ ზეცას.
იქ, სადღაც დაბლა, ტოვებ ბილიკებს,
თვალისმომჭრელ ზმანებებში რომ გიტყუებდნენ;
მტვრიან ბილიკებს, ცხოვრების სიბრძნის სასწავლად გაჭრილთ.
მადლი შესწირე მას, ვინც მწარე სამსალა გასვა –
ის უკვე მოლბა, ის გაღმერთებს,
რადგან მის ზაკვით დასერილ გულში
კეთილშობილი ჩააგდე თესლი.
იცის, რომ უკვე ვეღარასდროს შემოგწვდება
და სამუდამოდ დაკარგულ ედემს გლოვობს უჩუმრად.
შენ უბრუნდები საკუთარ ზეცას, ხელთუქმნელს, წმინდას.
შენ უბრუნდები მწიფობის ხანას – ბავშვობის მიღმა.
იქ, ახლომახლო, მეც მიგულე მოლბერტით ხელში.
ერთი კეთილი მეზღაპრე ვარ, სიცოცხლის მცველი.
ჯადოსნურ სახლში ჯადოსნურ ფუნჯით გიხატავ ლაჟვარდს,
სპეტაკ სამოსელს, მისადგმელ კიბეს...
და გზას გილოცავ შენი თავისკენ.
 

შენი გული


მაიას


ჰა, ონავრული შემართებით მიაპობს ახლა
დაუდგრომელი შენი ნავი ქოჩორა ტალღებს.
თეთრი აფრების დგაფუნში ზოგჯერ ექოდ ჩამესმის
ზღვის მღელვარება – შორეული, უკვე ჩავლილი.
შუადღეა. შუბისტარზე მზე კი არა, შენი გულია.
 

* * * (წუხელ საღამოს შენს მზერაში მზე ჩაესვენა...)


მაიას

წუხელ საღამოს შენს მზერაში მზე ჩაესვენა...
გაუჩინარდა მოუღლელი კრთომა ალების,
და მუდამ ცინცხლად მოკიაფე შენი თვალები
დამგვანებოდა ზამთრის სუსხში გარდაცვალებას.

სიყვარულის და მიტევების უხმო ალერსი,
გულში ნადები, ვერავისთვის გასანდობარი,
გამოუცდელი თვალისათვის უცნობი სულაც,
უწყალო ეჭვმა დაგიმსხვრია ბარბაროსულად.

თავი იგრძენი მიუსაფრად და მარტოსულად.
უხმოდ წახვედი... დამიტოვე ორი ზმანება:
განაწყენებულ-გატანჯული მზის ჩავანება
და – სინანული, თვითმკვლელობამ რომ დაასრულა...

1988

 
Related Posts with Thumbnails