24.11.09

კომენტარი ია ანთაძის ბლოგზე "ერთი რჩევა ია ანთაძეს"

ია, რადიო თავისუფლების ბლოგებზე ბლოგერები მოწვეულები არიან და სივრცის ორგანიზებაში ჰონორარს იღებენ, სივრცეც "გარანტირებული" და პრესტიჟულია - რადიო თავისუფლებას ათწლეულების განმავლობაში აქვს ეს პრესტიჟი დაგროვილი; ფეისბუქში კი სრულიად თავისუფალი და ყოველგვარ გარანტიას მოკლებული სივრცეა, აქ არავინ არავის არაფერს ავალებს და ყველა საკუთარი ნებით ერთიანდება ან არ ერთიანდება ვინმეს ან რაიმეს გარშემო. ეს არსებითი განსხვავებაა. ასევე არსებითი იდეურ-შინაარსობრივი და ხარისხობრივი განსხვავება შეინიშნება თვით ბლოგებს შორის. ამიტომ "თავისუფლების" ბლოგებს მე ერთ ოჯახად ან ერთ კლუბად ვერ გავაერთიანებდი. იქ ყველა ბლოგერს საკუთარი კლუბი აქვს და მიმდევრების თუ გულშემატკივრების თანაკვეთაც არც ისე დიდია. მოდერაციაც აქ, ფეისბუქზე უფრო, ასე ვთქვათ, თავისუფალია, რადგან არავინ ითვლის შემომსვლელთა და კომენტატორთა რაოდენობას. რაც შეეხება ლევან რამიშვილის "მოდერატორობის" სტილს (ბრჭყალებში იმიტომ ვწერ, რომ ფეისბუქის ნებისმიერი წევრი დამემოწმება, აქ მეტ-ნაკლებად დირექტიული მართვაც კი თემებისა სრულიად გამორიცხულია), იგი იმდენად სტატიაში/ბლოგში ჩამოყალიბებული იდეის მიწოდებას კი არ გულისხმობს ნაცნობ-მეგობრებისთვის, არამედ, რასაც მე ვხედავ - ფართო ინფორმაციულ უზრუნველყოფას საინტერესო და მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე, რაც მე პირადად ძალიან მომწონს - ადამიანი ყველაფერს თვალს ვერ მიადევნებ, ლევანის დადებული ლინკები კი ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის აქცენტირებას ახდენს. ამიტომ მე მისი „კლუბის“ წევრი მხოლოდ იმდენად ვარ, რამდენადაც მომინდება დავაწკაპუნო მის მიერ დადებულ ლინკზე. ზუსტად ასევე, მეც ვთავაზობ ჩემი დადებული ლინკების ნახვას, ჩემს შექმნილ ჯგუფებში გაწევრიანებას, ჩემი შექმნილი გვერდების გულშემატკივრობას... და ამ გაგებით ლევანიც ჩემი კლუბის წევრია. ფეისბუქის ღირსება სწორედ არჩევანის ფართო თავისუფლებაა, იმის საშუალებაა, რომ აქ ყველა თავის კლუბში იწვევს ერთმანეთს, აზრს თავისუფლად გამოთქვამს (თავისი საკუთარი სახელითა და გვარით) და ამავე დროს არავინ არავის არაფერს აძალებს. თავისუფალი საზოგადოებაც ესაა. ამიტომაც ჰქვიათ ფეისბუქსა და სხვა მსგავს „კლუბებს“ სოციალური ქსელები და ამიტომაც ჰყავს ფეისბუქს უკვე 300 მილიონ წევრზე მეტი.

ია ანთაძის საკამათო ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.tavisupleba.org/content/blog/1883410.html

No comments:

Post a Comment

Related Posts with Thumbnails