13.1.10

წარმოსახვის უნარი – ადამიანის თვისება


დრო მოძრაობათა ჯამია.
უძრაობაც მოძრაობაა, რადგან რაც ჩვენ უძრავი გვგონია, იმის შიგნით შეუჩერებელი მოძრაობაა ატომურ დონეზე.
არსებობა მოძრაობის დაწყებაა, დროის მდინარებაში ჩართვაა.
არსებობის შეწყვეტა ანუ არარსებობა, სიკვდილი, გაქრობა – დროის მდინარებიდან ამოვარდნაა.
როცა ვამბობთ, რომ რაღაც სხეული ან ორგანიზმი არსებობს, იგულისხმება, რომ ჩვენი გრძნობათა ორგანოებისთვის ან ჩვენს მიერ გამოგონილი ხელსაწყოების მეშვეობით გრძნობათა ენაზე „თარგმნად“, გაზომვად ანუ აღქმად ამა თუ იმ მოვლენას, საგანს „ვეხებით“. და პირუკუ, თუკი ესა თუ ის საგანი, მოვლენა, ორგანიზმი არააღქმადია, ჩვენ მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცით ან ვგულისხმობთ, რომ მან არსებობა შეწყვიტა, ჩვენთვის აღქმადი სახით აღარასოდეს განმეორდება, მთელი ხილულ თუ უხილავ ნაწილებად დაიშალა და ამ ნაწილებს მთელად კვლავ ქცევა აღარასოდეს უწერია.
მაგრამ წარმოსახვის წყალობით ადამიანის გონებას კიდევ აქვს ერთი უნიკალური უნარი: რაღაც ადრე აღქმადი ან სულაც აღუქმელი არსება, საგანი, ორგანიზმი, მოვლენა მას შეუძლია არსებულად წარმოიდგინოს, ამა თუ იმ სახით წვდომადი, აღქმადი სახე მიანიჭოს. ასეთია ღმერთის თუ ღმერთების იდეა. ასეთია სულის უკვდავებისა და სულთა რეინკარნაციის იდეები.
ამგვარი იდეებით შთაგონებული გონება დროის მიღმა აზროვნებს და მისთვის ეს წარმოსახული და რწმენის ძალით მიღებული მთელები დროის მიღმა, მარადიულში არსებობს. ადამიანის გონება წარმატებით უმკლავდება იმ პარადოქსს, რომ თუკი ყველა სხვა შემთხვევაში არააღქმადობა საგნისა დროის მდინარებიდან მის ამოგდებულობას ანუ არარსებობას გულისხმობს, წარმოსახვითი საგნის, მოვლენის, ორგანიზმის შემთხვევაში არააღქმადობის შევსება, მისი წაშველება, კომპენსაცია ხდება წარმოსახვის მეშვეობით. წარმოსახვა ქმნის არქეტიპთა სამყაროს.
წარმოსახვის უნარის გარეშე ადამიანი ადამიანად ვერ ჩამოყალიბდებოდა. წარმოსახვის უნარის შეძენა უნდა იყოს იმ გადამწყვეტი მუტაციის არსი, რომელმაც შესაძლებელი გახადა დედამიწაზე ჰომინიდების მოდგმა გაჩენილიყო, ყველაზე წარმატებული კი მათ შორის ჰომო საპიენსი აღმოჩნდა.

No comments:

Post a Comment

Related Posts with Thumbnails