5.9.09

ჩვენი ლუარსაბი


საბავშვო ლექსებიდან

ლუარსაბს ვუხმობთ სახელად
ჩვენს უწესრიგო ფისოს:
ჩვენ როცა გვძინავს, მას ღვიძავს
და ხშირად ძილსაც გვიფრთხობს.
ერთხელაც მოხდა: განჯინა
ააყირავა სულმთლად –
ვალერიანის წვეთებით
იმშვენებს ლოთი სუფრას.
რამდენჯერ უთხრა აიამ:
“მოიქეც, ბიჭო, კარგად,
თორემ ლოთობის გულისთვის
ერთხელ თბილი წყლით დაგბან!”
მაინც არ ისმენს, ხან რას და
ხან რას მოიბანდიტებს,
ხან ყველის ნაჭერს დაგვცინცლავს,
ხან უსაფრდება ჩიტებს.
რას იზამ, რაღას გააწყობ,
“კატამ იკატოს უნდა”, –
ასე შევთანხმდით სუყველა –
მთელი ოჯახი ვდუმვართ;
ვუთმენთ ყველაფერს, რადგანაც
თამაშიც კარგი იცის,
თანაც თავს ისე გვაყვარებს,
გაწყრომა ცოტა გვიჭირს...
შემოვა დილაადრიან,
გაზმორებას არ გვაცლის,
მშიაო, პური მაჭამეთ
ნაომარსა და დაჭრილს.
“ისევ იჩხუბე, ბანდიტო?” –
წყრომით დასჭყივლებს აია, –
“ახლა ხომ მარტი არ არის,
ჯერ მხოლოდ იანვარია.
სიყვარულისთვის ადრეა,
ცივა, ყინავს და ქარია,
მაშ, ღამღამობით, მითხარი,
რად ღნავით ასე ძალიან?”
დავაპურებთ და “წყალიო”,
სხვაგვარად კნავის ამჯერად,
ან სულაც ჩუმად დაჯდება,
ხან კარს შეხედავს, ხან – ჩვენა.
თავის ჯამიდან რომ დალევს,
ისევ შემოვა ოთახში,
ღუმელთან მოიკალათებს –
კატებს ასე აქვთ მოდაში.
ცოტას რომ წასთვლემს, უფრო ღრმა
ძილისთვის მოემზადება:
ჯერ პირს დაიბანს, მერე კი
მიდის საწოლის საძებრად.
ყველაზე მეტად დივანზე
ლამობს გაჭიმვას ნებაზე,
მაგრამ ამოსვლას ვერ ბედავს,
იცის – მოხვდება კეფაზე.
ხშირად რბილ სკამზე იძინებს,
თუმცა არ ჰყოფნის ადგილი:
საწყალს ხან ყურზე ედება
სკამის საზურგის ჯოხები,
ხანაც ნათურა აჭყიტებს
და გულს უწყალებს ოხერი.
მაგრამ ვაითუ ჩანგალმა
გაიწკარუნოს ოთახში,
ან თეფშმა გაიჩხრიალოს
ან დანამ იწყოს ხერხვა,
თქვენ მაშინ ნახეთ, ლუარსაბს
ვით ძალუძს ქცევა ვეფხვად...

1999
 

1 comment:

Related Posts with Thumbnails