17.9.09

რელიგიის სწავლება სკოლაში


ეს პოსტი არის ერთგვარი კომენტარი ტომუშკას ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტისთვის შენი არგუმენტირებული პოზიცია!, სადაც გაიმართა ფრიად საინტერესო დისკუსია საკითხზე, უნდა იყოს თუ არა მოწყობილი საჯარო სკოლების საკლასო ოთახებში ხატების კუთხეები.
არსებობს განათლების მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც გაწერილია სასწავლო საგნები, მათი სწავლების მეთოდიკა, სკოლის ძირითადი ამოცანები და ა.შ.
მე-7 კლასის საზოგადოებრივი მეცნიერებების პროგრამით, კულტურისა და რელიგიის მიმართულებაში გათვალისწინებულია შემდეგი:
[ისტ. გეო. VII. 12.] მოსწავლე აანალიზებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს რელიგიას საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
  • არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ (სახელმძღვანელოში მოცემული და მოძიებული) მასალაზე დაკვირვების საფუძველზე საუბრობს საზოგადოების რელიგიურ წარმოდგენებზე;
  • ჯგუფური მუშაობისას რომელიმე ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ როგორც წარსულში, ასევე დღეს;
  • კლასში დისკუსიის დროს მსჯელობს, თუ რა გავლენას ახდენდა რელიგია ოჯახურ ყოფაზე ადრე და რა გავლენას ახდენს იგი დღეს;
  • რუკაზე უჩვენებს მისთვის ცნობილი რელიგიების წარმოშობის ადგილებს, გავრცელების დღევანდელ არეალებს და ჩამოთვლის მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკულტო ძეგლებს, სიმბოლოებსა თუ ტრადიციებს;
  • რომელიმე ქვეყნის რელიგიისა და კულტურის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს;
  • თანაკლასელებთან ერთად მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალის (სახელმძღვანელო, ლიტერატურა, ფილმები, ილუსტრაციები, საკუთარი სამგზავრო ჩანაწერები, ინტერვიუები და სხვა) საფუძველზე საუბრობს საქართველოში მცხოვრები ეროვნებების საოჯახო თუ რელიგიური დღესასწაულების შესახებ და ავლებს მათ შორის პარალელებს;
  • იყენებს სტატისტიკურ ინფორმაციას და ადგენს საქართველოს მოსახლეობის ძირითადი რელიგიების ამსახველ რუკას; მსჯელობს საქართველოში რელიგიის გეოგრაფიის განმსაზღვრელ ისტორიულ ფაქტორებზე.

როგორც გამომცემელი (ვარ გამომცემლობა „ლოგოს პრესის“ დამფუძნებელი) გთავაზობთ გაეცნოთ ჩვენი მე-7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს შესაბამის თავს (სახელმძღვანელოს გადამუშავებული და ხელახლა გრიფირებული ვარიანტი წელს სექტემბერში შევიდა საქართველოს სკოლების ნაწილში, მათ შორის რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე). თავის სათაურია „რელიგია“ და იგი დაწერა ერთ-ერთმა ჩვენმა ავტორმა, თსუ ფოლკლორისტიკის კათედრის გამგემ, ახალი აღთქმის თანამედროვე ქართულ ენაზე მთარგმნელმა და, ზოგადად, შესანიშნავმა მეცნიერმა და მოაზროვნემ, პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ. ტექსტის დახვეწაზე – სკოლის მოსწავლის დონესთან დაახლოებასა და ასევე სავარჯიშების შედგენაზე ზოგიერთ სხვა ავტორთან ერთად თქვენი მონა-მორჩილიც მუშაობდა.

Discover Simple, Private Sharing at Drop.io



ქვემოთ მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ პირდაპირ ეკრანზე წაიკითხოთ ან ჩამოტვირთოთ PDF ფაილი (გთხოვთ მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის გამოიყენოთ – კოპირაიტით დაცული მასალაა):

http://drop.io/religia7klasisistorialogospress/asset/religia-tavi-logos-presis-me-7-klasis-istoriis-saxelmzgvanelodan-pdf

ვიმედოვნებ, რომ ამ მასალას თქვენთვისაც საინტერესოდ და სასარგებლოდ ჩათვლით და მასზე დაყრდნობით ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ იმაზე, თუ როგორ უყურებს დღეს სახელმწიფო რელიგიის სწავლებას სკოლაში და როგორი შეთავაზება გავუკეთეთ სასწავლო მასალის სახით პედაგოგებსა და მშობლებს გამომცემლობამ და ავტორებმა. მოკლედ რომ აგიხსნათ სახელმძღვანელოების შექმნისა და გრიფირების მექანიზმი, სახელმწიფო აცხადებს ტენდერს და გამომცემლობებს განხილვისა და გრიფირებისთვის შეაქვთ სახელმძღვანელოები; პედაგოგს დღეს შეუძლია არჩევანი გააკეთოს რამდენიმე ალტერნატიული სახელმძღვანელოდან.

ამ პოსტის მარჯვენა მხარეს, ბლოგის ზედა ნაწილში მოთავსებული მაქვს პატარა გამოკითხვა, რომელსაც ვადა მალე გასდის. თუ არ დაიზარებთ, ტომუშკას და სხვა რამდენიმე ადამიანის მაგალითს მიმართეთ და თქვენც გამოხატეთ აზრი კიდევ ერთ საჭირბოროტო საკითხზე: „თქვენი აზრით, სად უნდა იღებდნენ მოზარდები სექსუალურ განათლებას?“ (შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე პასუხი მონიშნოთ!) წინასწარ გმადლობთ :)

No comments:

Post a Comment

Related Posts with Thumbnails