5.9.09

საზოგადოებრივი ძალადობა და პიროვნული ბედნიერება



ადამიანი არ შექმნილა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ იდეურ კონსტრუქციაში საარსებოდ. ბედის ირონიით, მას წინაპარ-წინამორბედთა მიერ შექმნილ და საზოგადოებრივი ერთობის მხრიდან თავსმოხვეულ "ჭეშმარიტ" კონსტრუქციებთან, ანუ კულტურულ სტერეოტიპებთან, მორგება/ბრძოლა უხდება ადრეული ბავშობის ასაკიდან. რაც უფრო მძლავრად ჩაითრევს დადგენილი ცხოვრების წესი კონკრეტულ ინდივიდს, მით ნაკლებ მოსალოდნელია ამ ინდივიდისგან ნოვაცია; პირიქით, ასეთი ინდივიდისგან წინაპართა ტრადიციების გააფთრებულ დაცვას უნდა ველოდეთ ან ქამელეონივით ახალ გარემოსთან მორგებას. დადგენილ კონსტრუქციაში არსებობის სურვილი საკუთარ პიროვნულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აცილების საშუალებას იძლევა და, ამდენად, მორალური არჩევანის თავისუფლებისგან გაქცევით ფსიქოლოგიური კომფორტის იმიტაციას ქმნის.

ის აზრები, თავს რომ გვახვევენ ხოლმე – რომელთაც საზოგადოების შეხედულებებს ვუწოდებთ, ან სასულიერო ავტორიტეტების ანდა მამა-პაპათა წესად მოვიხსენიებთ – სხვათა ძალადობის, მათი მხრიდან ჩვენი ფლობის და, რაც იგივეა – ჩვენზე ბატონობის სურვილის გამოხატულებაა. ამ სურვილს კი საფუძვლად უდევს მოჩვენებითი თვითდამკვიდრებისა და  ბედნიერების (ნამდვილი ბედნიერების სუროგატის) მოპოვების უიღბლო მცდელობა – იდეური და ფსიქოლოგიური ძალადობის ეს ფორმა ხშირად მორჩილი უმრავლესობის კოლექტიური ცნობიერის დონეზეა გაზიარებული და უაზრო ერთგულებისა და თავგანწირვის ნიშნით აღბეჭდილი.

ამ ძალადობისთვის თავის დაღწევა სულაც არ ნიშნავს რაიმე ახალ განზომილებაში გადასვლას ან საკუთარი თავის ღალატს, – როგორც ეს შეიძლება თავდაჯერებას მოკლებულ და კარჩაკეტილ ადამიანს მოეჩვენოს, არამედ პირიქით – გულისხმობს საკუთარ თავთან, როგორც ადამიანური ბედნიერების ქვაკუთხედთან და პირველსაწყისთან დაბრუნებას... ამ მოძალადე აზრთა საპირისპიროდ, ბედნიერების ერთი საიდუმლო, როგორც ჟორჟ ბერნანოსს უთქვამს, “სხვის სიხარულში საკუთარი სიხარულის განცდის უნარია”, – დამოუკიდებლად იმისგან, რას ფიქრობენ ამის შესახებ არამკითხე სხვები.

No comments:

Post a Comment

Related Posts with Thumbnails