5.9.09

სიყვარულის ფაქტურა

მაიას

შენს ფეხისგულს ჩემი ფეხისგულით ველამუნები,
მეგობრული ხმით ვარსკვლავებზე გებუტბუტები,
ვიცი, რომ ხვალაც გულწრფელ ღიმილს შემომაგებებ – უკვე მეასიათასედ,
და მაინც ახალბედასავით ვღელავ ყოველი შეხებისას –
სიყვარულის შიშველ ნერვებს მაღალი ძაბვის სადენებივით გაუდით ჟრჟოლა.
ხშირი სუნთქვა მუდმივ მეგზურად მექცა,
აღმასვლისას აღარ მახსოვს ქვემეხთა გრგვინვა,
არც პოლიტიკოსთა ნაცოდვილარი ტელეექშენი მიმღვრევს გუნებას;
მწვერვალიდან წყვილად დაშვება კი ისევე საამურია,
როგორც პირველყოფილი მონადირის შინდაბრუნება ბავშვიან ქალთან, ნადავლით მხრებზე.
ყოველდღიურ წრებრუნვაში ხელახლა ჩართვა მემსუბუქება –
სიყვარული კომფორტული და მოხდენილი სამოსივით მეფერება და ძალას მმატებს.

No comments:

Post a Comment

Related Posts with Thumbnails